რეფლექსია პროექტის განხორციელებაზე
პროექტის დასახელება: ოქროსფერი შემოდგომა
პროექტის აქტუალურობა: საზაფხულო არდადეგების მერე შევნიშნე, რომ მოსწავლეებს
ესაჭიროებათ პირველ კლასში მიღებული ცოდნის გააქტიურება. არ ახსოვთ წელიწადის დროები,
ვერ ასახელებენ თვეებს წელიწადის დროის შესაბამისად,
უჭირთ საკუთარი აზრის გამოთქმა და დასაბუთება. ასევე, მოვისმინე, როდესაც ბავშვები
კამათობდნენ, რომ არ შეიძლება ხეებს ჰქონდეთ წითელი ფოთლები. რაც იმაზე მეტყველებს,
რომ არ აქვთ განვითარებული დაკვირვების უნარი. აღნიშნულიდან გამომდინარე გადავწყვიტე
დამეგეგმა პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს
მოსწავლეებს ბუნებაში მიმდინარე ცვლილებებზე
დაკვირვების უნარის განვითარებას, წელიწადის დროების შესწავლას, კერძოდ , შემოდგომაზე
დაკვირვებას, ფერების აღქმას, თეორიული ცოდნის
პრაქტიკაში გამოყენებას, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. როდესაც გაჩნდა პროექტის განხორციელების
იდეა, მოვიწვიე მშობელთა კრება და მშობლებს
გავაცანი პროექტის მიზანი, აქტივობები, მისაღწევი შედეგები. განისაზღვრა პროექტში მშობელთა,
მოსწავლეთა და მასწავლებლის როლი. აქტივობები დროში გავწერეთ, დავგეგმეთ პრეზენტაციის
დრო და შევუდექით მუშაობას. აღვნიშნავ,რომ ამ პროექტში მოსწავლეებმა იმუშავეს ხალისით,
მონდომებით, განივითარეს ჯგუფური მუშაობის, კვლევით და შემოქმედებითი უნარები.
გამოვიყენე მიმართულების
მიმცემი საკვანძო კითხვები. ზოგადი კითხვა
- რას ნიშნავს „ოქროსფერი შემოდგომა?“ თემატური
კითხვები: თქვენი აზრით როგორ იცვლება ბუნება შემოდგომით? ამინდი? რა ფერის და
ფორმის ფოთლებს ხვდებით შემოდგომით? რას ნიშნავს ფოთოლცვენა? შინაარსობრივი კითხვები: იწვევს თუ არა ამინდის ცვლილება გარემოს ცვლილებას?
რატომ მიფრინავენ ფრინველები თბილ ქვეყნებში? როგორ ემზადებიან ცხოველები ზამთრისთვის?
რას საქმიანობენ შემოდგომით ადამიანები? თქვენ
როგორ ეხმარებით?
მოხდა ინტეგრირება:
ბუნებისმეტყველებას, მათემატიკას, ხელოვნებას, ქართულსა და ისტ-ს შორის.
შეფასების ეტაპები: შეფასება მოხდა პროექტის სამივე
ეტაპზე. პირველ ეტაპზე შეფასდა მათი წინარე ცოდნა და ინტერესები. მეორე ეტაპზე შევაფასე
ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, თანამშრომლობის უნარი. მესამეზე - მოსწავლეთა
შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარები. შეფასების ფორმად გამოვიყენე განმავითარებელი
კომენტარები.
განხორციელებული
აქტივობების შედეგად მივაღწიე დასახულ მიზანს და გავედი სასურველ შედეგზე. აქტივობები
განხორციელდა გეგმის შესაბამისად. არ მომხდარა გეგმის მოდიფიცირება.
ყველაზე წარმატებული
და შედეგიანი იყო აქტივობა „ლაშქრობა სოფლის შემოგარენში“. გაკვეთილების შემდეგ წავედით
და მოვინახულეთ სამების ეკლესია. გზად ვჩერდებოდით და ვაკვირდებოდით ბუნებას. ვმსჯელობდით
ფერებზე. შეაგროვეს სხვადასხვა ფერის და ფორმის ფოთლები. შემდეგ შევარჩიეთ მოხერხებული
და ადგილი და ბავშვებმა დახატეს შთაბეჭდილებით. გატაცებით ისაუბრეს საკუთარ ნამუშევარზე.
აღნიშნულმა აქტივობამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეფექტიანი და ხალისიანია გასვლითი
გაკვეთილები და აქტივობები, როდესაც ბავშვები რეალურად აღიქვავენ გარემოს, არიან შთაბეჭდილების
ქვეშ, რაც უფრო მეტად ხალისიანს და საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს.
წარმატებული იყო
პროექტი იმ თვალსაზრისითაც, რომ მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულები პროექტის მსვლელობაში.
მათ შექმნეს არაერთი ნამუშავარი სხვადასხვა ბუნებრივი მასალით , რომელსაც შემდგომ სასწავლო
რესურსად გამოვიყენებთ.
პროექტმა მნიშვნელოვნად
შეუწყო ხელი ისტ-ით მარტივი ოპერაციების შესრულებას. რუბრიკით „შემოდგომა ჩემს სოფელში“,
გადაღებული სურათებით მოამზადეს პრეზენტაციები. ასევე ბუკებში დახატეს შემოდგომის სურათები,
რაც დიდი ინტერესით და ხალისით შეასრულეს. ისტ-ის გამოყენება პროექტის ერთერთ წარმატებულ
აქტივობად მიმაჩნია, რადგან ხდებოდა ურთიერთსწავლება. პრეზენტაციის მომზადების დროს
მოსწავლეთა გარკვეულმა ნაწილმა კარგად გაართვა თავი Power Point- ში ანიმაციების დადებას, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია დანარჩენ მოსწავლეებში,
ისინი ასწავლიდნენ ერთმანეთს , უზიარებდნენ ერთმანეთის ნამუშევრებს, უვითარდებოდათ
თანამშრომლობის უნარი.
გეგმით გათვალისწინებული
გვქონდა შეგროვილი ფოტომასალით კედლის გაზეთის გამოშვება, რომელიც განვახორციელეთ,
თუმცა დამრჩა დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, რადგან გაზეთის შექმნისას მოსწავლეთა აქტიურობა
ნაკლები იყო და ძირითადად ჩემი და მშობლების საშუალებით მოხდა გაზეთის დამზადება. ვფიქრობ
უმჯობესი იქნებოდა კლასი დამეყო ჯგუფებად , თითოეულ ჯგუფს გაეკეთებინა კედლის გაზეთი
და შემდგომ ყველას ნამუშევარი გამოგვეფინა. ასე უფრო მეტად იქნებოდნენ მოსწავლეები
ჩართულები და უფრო ეფექტური იქნებოდა შედეგიც.
პროექტში აქტიურად
იყო ჩართული მუსიკის მასწავლებელი, რომელმაც შეასწავლა მოსწავლეებს სიმღერები შემოდგომაზე,
ასევე, მშობელთა დახმარებით მოიძიეს და ისწავლეს ლექსები შემოდგომაზე. პროექტის პრეზენტაციის
დროს შეასრულეს სიმღერები და წაიკითხეს ლექსები.
პროექტით დასახული
შედეგების მიღწევაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართულის, ხელოვნების და მათემატიკის
საგნებთან ინტეგრირებამაც. პროექტის ფარგლებში შევისწავლეთ ნაწარმოებები ქართულ ენასა
და ლიტერატურაში, შევასრულეთ პრაქტიკული სავარჯიშოები შემოდგომის თემაზე. ასევე, ხელოვნების
გაკვეთილებზე დაამზადეს და შექმნეს სხვადასხვა სახის ნამუშევრები შემოდგომის თემაზე,
ამინდზე დაკვირვების მონაცემები შეჰქონდათ ცხრილებში რაც დაეხმარა მოსწავლეებს ცხრილებზე
მუშაობის უნარის განვითარებაში. ყოველივე ზემოთ აღნიშნული დამეხმარა ეროვნული სასწავლო
გეგმით დასახული შედეგების მიღწევაში.
პროექტი წარმატებულია
იმ თვალსაზრისითაც, რომ მოსწავლეებმა ისწავლეს ჩეკლისტზე მუშაობა, რაც მათ დაეხმარება
მომავალში საკუთარი საქმიანობის დაგეგმვაში და წარმატებით განხორციელებაში. ასევე,
საფუძველი ჩაეყარა საკუთარი ნამუშევრების შეგროვების, თემატურად დალაგების და პორტფოლიოს
შექმნის კულტურას.
პროექტის სარგებელი
სხვებისთვის: ბავშვების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც შეიქმნა ბუნებრივი
მასალისგან, ფოთლებისგან, ნამუშევრების გამოფენა,
მოსწავლეთა მიერ მომზადებული პრეზენტაციები, შემოდგომის თემაზე აკინძული წიგნები, პროექტის
პორტფოლიო. განხორციელებული პროექტის ფოტო მასალა განთავსებულია ბლოგზე, მისამართით:
https://meoreklasi18.blogspot.com/p/blog-page_21.html ,რაც სხვებისთვის ახალი იდეების მაპროვოცირებელია.
დასკვნის სახით
შემიძლია ვთქვა, რომ პროექტზე მუშაობის შემდეგ ჩემ მოსწავლეებს აღარ უჭირთ ისაუბრონ
შემოდგომის თემაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий